სერგო ჭელიძე

მსახიობი, რეჟისორი

დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია 1924 წელს და სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტზე, რომელიც არ დაუმთავრებია. 1926 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებული დრამატული ფაკულტეტი. 1926 წლიდან მუშაობა დაიწყო მსახიობად შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში; 1927 წლიდან – მუშათა თეატრში; 1928 წელს გადავიდა კოტე მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით არსებულ ქუთაის-ბათუმის (შემდეგში კ. მარჯანიშვილის სახელობის) სახელმწიფო თეატრში, სადაც რამდენიმე დამოუკიდებელი სპექტაკლი დადგა; 1923-1933 წწ. მოსკოვის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში ისმენდა ლექციებს, ამავე დროს მუშაობდა მოსკოვის ოპერეტის თეატრში კ. მარჯანიშვილის რეჟისორ-ასისტენტად ი. შტრაუსის ოპერეტა “ღამურას” დადგმაზე; 1933-1935, 1935-1938 წწ. დამდგმელ რეჟისორად და მსახიობად მუშაობდა თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართულ და კოტე მარჯანიშვილის სახელმწიფო თეატრებში; 1944 წლიდან რეჟისორად შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში; 1938-1944, 1948-1954 წწ. მუშაობდა სოხუმის ს. ჭანბას სახელობის სახელმწიფო თეატრის ქართული დასის მთავარ რეჟისორად, დიდი ღვაწლი მიუძღვის ამ კოლექტივის ჩამოყალიბების საქმეში; 1954 წელს დაინიშნა მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო ქართული თეატრის მთავარ რეჟისორად; 1966-1970წწ. მუშობდა ა. გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული თეატრის მთავარ რეჟისორად, ხოლო უკანასკნელ ხანს საქართველოს ტელევიზიაში; წლების განმავლობაში შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში ასწავლიდა მსახიობის ოსტატობას. დამდგმელი რეჟისორია სპექტაკლებისა: მარჯანიშვილის თეატრში – ი. ვაკელის “შური”; შოთა რუსთაველის თეატრში – ა. ყაზბეგის “ხევისბერი გოჩა”, ბ. ჩირსკოვის “გამარჯვებულნი”, გ. ბერძენიშვილის “ტირიფის ქვეშ”; სოხუმის ს. ჭანბას სახელობის ქართულ დასში – შ. დადიანის “ნაპერწკლიდან”, ნ. ჰიქმეთის “ლეგენდა სიყვარულზე” და სხვ.; მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო ქართულ თეატრში – ი. ჭავჭავაძის “გლახის ნაამბობი”, უ. შექსპირის “მეთორმეტე ღამე”; ა. გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსულ თეატრში – გ. მდივნის “შენი ძია მიშა”, ტ. უილიამსის “ტრამვაი სურვილი”, ვ. ეჟოვის “ბულბულების ღამე” და სხვ.

ჯილდოები და პრემიები:

1968 – საქართველოს სახალხო არტისტი

1943 – საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

შრომის წითელი დროშის ორდენი

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1988. -გვ.5; წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.390

მენიუ