თეატრის შესახებ

სოხუმის ქართული თეატრი 135 წლისაა.
სოხუმის თეატრის შემოქმედებითი ბიოგრაფია მრავალფეროვანია. საინტერესოა სხვადასხვა დროს როგორ რეაგირებდა და როგორ ეხმიანებოდა იგი ეპოქას. თეატრის შექმნისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა ადგილობრივი – პატრიოტული იდეებით გამსჭვალულ ნაწარმოებებს. სოხუმში ქართული წარმოდგენები სცენის მოყვარეთა მიერ ჯერ კიდევ 1885 წლიდან იმართებოდა. ასევე, სპექტაკლებს მართავდნენ თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა კუთხის მოძრავი დასები და მსახიობთა ამხანაგობები. სოხუმში სცენის მოყვარეთა წარმოდგენების სულისჩამდგმელები იყვნენ: ა.ჯუღელი, ს.ფრანგულიანი, ვ.აბაშიძე, ა.შერვაშიძე, ტ.შერვაშიძე, მაკო საფაროვა-აბაშიძისა, ვ.გუნია, შ.დადიანი და სხვები.
ქართული პროფესიული თეატრი სოხუმში 1928 წელს შეიქმნა. წლების მანძილზე ერთ ჭერქვეშ მოღვაწე ქართული და აფხაზური დასები 1978 წელს გაიყვნენ. ქართულმა დასმა 1982 წელს ახალ შენობაში განაგრძო მუშაობა. 1983 წელს ქართულ თეატრს მიენიჭა ქართველი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას სახელი.
გამორჩეულად საინტერესო გახლდათ საბჭოთა ადრეული, ეგრეთ წოდებული „სტალინის პერიოდის“ სპექტაკლები. ქალაქ სოხუმში თეატრს ულამაზესი ისტორიული შენობა სწორედ 1952 – 53 წელს გადაეცა. შემორჩენილია დოკუმენტური ფილმიც, სადაც კარგად მოსჩანს შენობის სიმდიდრე და არქიტექტურული სილამაზე. ამ პერიოდში შექმნილ სპექტაკლებს ძალიან მაღალი სამსახიობო საშემსრულებლო დონე ახასიათებს. კომუნისტური ტერორის მიუხედავად სპექტაკლებიდან შეფარულად გამოსჭვიოდა იმდროისთვის აკრძალული იდეები. ამ იდეებმა სცენაზე 70-იან 80-იან წლებში უმაღლეს მხატვრულ-მეტაფორულ მწვერვალს მიაღწია და ამიტომ სოხუმის თეატრი გადაიქცა საბჭოთა კავშირში ერთ-ერთ საუკეთესო თეატრად. სწორედ 80-იან წლებში თეატრმა გასტროლებით მოიარა საბჭოთა კავშირი და თავისი ხელოვნება მის საზღვრებს გარეთაც გაიტანა. ამ დროს შექმნილი სპექტაკლები ხასიათდება ულამაზესი დეკორაციებით, თეატრალური პომპეზურობით, მასიური სცენებითა და გმირულ ჰეროიკული სცენიური ხასიათებით, რომელსაც უდიდესი სახელის მქონე მსახიობები ქმნიდნენ. ამ პერიოდში თეატრს ხელმძღვანელობდა თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობი გოგი ქავთარაძე, რომლის მოღვაწეობაც „ოქროს ხანად“ არის მიჩნეული.
90-იან წლებში დატრიალდა ტრაგედია. ქართულ – რუსული ომი, რის შედეგადაც აფხაზეთის ქართული მოსახლეობა გამოაძევეს აფხაზეთიდან. ამ დროს დაიწყო თეატრისთვის ყველაზე რთული პერიოდი. მეოცე საუკუნის 90-იანი წლების სისხლიანმა დაპირისპირებამ, თეატრის რამდენიმე თანამშრომელი შეიწირა. სოხუმის ქართული თეატრი აღმოჩნდა ლტოლვილი თავის ქვეყანაში. დევნილობაში მყოფი თეატრი შეიფარა თბილისის სახელმწიფო თეატრებმა: რუსთაველის თეატრმა, შემდეგ მარჯანიშვილის თეატრმა და სხვა ქართულმა თეატრებმა. დევნილობის პერიოდში თეატრმა არაერთ წარმატებას მიაღწია, როგორც გასტროლებზე ისე, სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალებზე.
2016 წელს აფხაზეთის მთავრობის, განათლებისა და კულტურის სამინისტრომ სოხუმის თეატრს გადასცა შენობა, სადაც განთავსდა თეატრის სარეპეტიციო და ოფისი. მოგვიანებით, ამავე შენობაში მიიღო თეატრმა საკუთარი სცენაც.
თეატრის არსებობის მანძილზე იდგმებოდა, როგორც მსოფლიოსა და საქართველოს კლასიკოსების, ასევე, თანამედროვე ავტორების პიესები. თეატრში სხვადასხვა წლებში მოღვაწეობდნენ ცნობილი ქართველი რეჟისორები: დ.ძნელაძე, კ.ანდრონიკაშვილი, გ,ჟურული, ბ.გამრეკელი,გ.გაბუნია,ლ.ჭედია, ს.ჭელიძე, გ.სულიკაშვილი, ბ.ტორონჯაძე, ვ.ყუშიტაშვილი, მ.კუჭუხიძე, ს.მრევლიშვილი, დ.კობახიძე, დ.ცისკარიშვილი, ა.ქუთათელაძე, ი.კაკულია, გ.ქავთარაძე, გ.ლორთქიფანიძე, რ.სტურუა, დ.ალექსიძე, თ.ჩხეიძე, გ.ჟორდანია, გ.სიხარულიძე, დ.საყვარელიძე, ბ.ქავთარაძე, გ.კაპანაძე, კ.აბაშიძე, ნ.ქანთარია და სხვები. მსახიობები: ი.ზარდალიშვილი, ე.ანდრონიკაშვილი, ვ.ურუშაძე, ც.ამირეჯიბი, ი.დონაური, ვ.დოლიძე, მ.გაგნიძე, ტ.ხორავა, ო.კანდელაკი, თ.მელაძე, კ. ბოკუჩავა, ქ.დოლიძე, მ.ჩუბინიძე, ნ.მიქაშავიძე, ფ.შედანია, ნ.ყიფიანი, თ.ბოლქვაძე, ი.ოქროპირიძე, ე.საყვარელიძე, ნ.ქაროსანიძე, ბ.თოფურიძე, ნ.მასხულია, კ.ლაფერაძე, ო.კობერიძე, ს.ყანჩელი,ლ.ფილფანი, ბ.ზაქარიაძე, მ.თბილელი, გ.ბერიკაშვილი, თ.არჩვაძე, მ.მებურიშვილი, თ.ბაბლიძე, ლ.მიქაშავიძე, გ.რატიანი, ს.პაჭკორია, ბ.წიფურია, გ.რატიანი, ე.საყვარელიძე, ბ.ბექაური, დ.ჯაიანი, ნ.წერედიანი, ვ.არღვლიანი, ნ.ყურაშვილი, გ.სირაძე, ბ.ქარჩავა, ლ.ხურითი, ნ.ხურითი, ჯ.ჯანდიერი, მ.ყოლბაია, ჯ.პაკელიანი, მ.ბრეკაშვილი, კ.შარაბიძე, ლ.შარაბიძე, მ.სოლომონია, ნ.ჩიქოვანი, ნ.წერედიანი, ე.ხვიჩია, ნ.შავგულიძე, გ.გასვიანი, დ.ბერაძე, ს.ძაძამია, ე.არჩაია, პ.ვახტანგიშვილი და სხვები.
მხატვრები: დ.მირიანაშვილი, ე.ახვლედიანი, ნ.ყაზბეგი, ა.ვერულაშვილი, შ.ხუციშვილი, თ.ნინუა, ჯ.ფაჩუაშვილი, ა. ნინუა და სხვები…
დღეს თეატრმა გადაწყვიტა აქცენტი გააკეთოს თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე. თეატრი მთელი დატვირთვით თანამშრომლობს ქართველ თანამედროვე დრამატურგებთან, მწერლებთან. თემები კი უაღრესად თანადროულია. დევნილთა საკითხები 21-ე საუკუნის პრობლემა, თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა.
სოხუმის თეატრი სწორედ ამ კუთხითაა დღეს საინტერესო. იგი ახორციელებს სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებს. ჩართულია იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის ქსელში (www.iti-worldwide.org). დააფუძნა გერმანულ – ქართული და აგრეთვე პოლონურ – ქართული თეატრალური პლატფორმა. გახდა რამდენიმე საერთაშორისო თეატრალური კონკურსისა და ფესტივალის პრიზიორი. სიამაყით შეიძლება ითქვას, რომ დღეს სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და ამშვენებს დიდი ტრადიციების მქონე ქართულ თეატრალურ ცხოვრებას.
ამჟამად, თეატრს ხელმძღვანელობს რეჟისორი დავით საყვარელიძე.
სოხუმის თეატრის დასი შალვა დადიანთან ერთად, 1912 წელი.
მაქსიმ გორკის „მდაბიონი“. რეჟისორი – სერგო ჭელიძე, 1939 წელი.
ლეგენდარული მსახიობები: თინა ბოლქვაძე, სერგო პაჭკორია და მიხეილ ჩუბინიძე, 1967 წელი.
დიმა ჯაიანი და სერგო პაჭკორია, 1983 წელი.
უილიამ შექსპირის „ვენეციელი ვაჭარი“. რეჟისორი – დიმიტრი (დოდო) ალექსიძე. პრემიერა შედგა 1983 წელს.
მენიუ