ანზორ ქუთათელაძე

საქართველოს სახალხო არტისტი ანზორ ქუთათელაძე დაიბადა ქ. თბილისში 1933 წ. 5 იანვარს. 1951 წ. თბილისის რკინიგზის ვაჟთა მე–7 სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა შ. რუსთაველის სახ. თბილისის სახ. თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1956 წ. სადიპლომო ნამუშევარი – რ. თაბუკაშვილის „რას იტყვის ხალხი“ – სპექტაკლი დაიდგა სოხუმის თეატრში. 1956–1964 წ.წ. ა. ქუთათელაძე მუშაობდა მარჯანიშვილის თეატრში რეჟისორად. სადაც მან დადგა შემდეგი სპექტაკლები: „უსახელო ვარსკვლავი“, „მოსამართლე“, „ყარამან ყანთელაძე“, „ჯარისკაცის ქვრივი“, „ჩარლის დეიდა“, „ბაფთიანი გოგონა“, „შავთვალა გოგონა“, „სამი ბულბულის ქუჩა“. 1964–1967 წწ. იყო სოხუმის თეატრის მთავარი რეჟისორი. მისი სპექტაკლებია: „მთაში ნათქვამი“, „ოიდიპოს მეფე“, „მოჩვენებანი“, „ოთარაანთ ქვრივი“, „ძველი რომანსები“. 1975–1985 წწ. ქუთათელაძე რუსთავის თეატრის მთავარი რეჟისორი და დირექტორია, ხოლო 1986 წლამდე დირექტორი. მის მიერ დადგმული სპექტაკლებია: „რას იტყვის ხალხი“, „დაბადება“, „რევიზორი“. „ზურიკელა“, „კუკარაჩა“, „თოლია“, „მთვერის მოტაცება“, „ხუმრობას ნუ ეხუმრები“, „ჰკითხე ოდესმე ბალახს“. ამ უკანასკნელის განხორციელებისათვის დაჯილდოვდა ა. პოპოვის სახელობის მედლით. ანზორ ქუთათელაძემ ზესტაფონის სახალხო თეატრში დადგა ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით სპექტაკლი „ზურიკელა“, რომლითაც თეატრი მონაწილეობდა მექსიკისა და შვეციის სახალხო თეატრების საერთაშორისო ფესტივალზე. 1973–1975 წწ. და 1985–1988 წწ, ქუთათელაძე იყო კულტურის სამინისტროს თეატრების სამმართველოს უფროსი. 1988 წლიდან 2000 წწ. თეატრის მოღვაწეთა კავშირის პირველი მდივანი. 1973 წლიდან დაიწყო მუშაობა თეატრალურ ინსტიტუტში პედაგოგად, 1989 წლიდან კათედრის პროფესორია. 1991–92 წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს კულტურის სამინისტროს ახალგაზრდულ თეატრ–სტუდიას. 1974 წ. მას მიენიჭა საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ხოლო 1985 წ. სახალხო არტისტის წოდება. ანზორ ქუთათელაძე გარდაიცვალა 2002 წელს.

წყარო: ანზორ ქუთათელაძის პირადი საარქივო ფონდი.

მენიუ